ასევე გირჩევთ:
წლის ბორბალი; რიტუალები
ვიკკა — ბუნებაზე დაფუძნებული თანამედროვე წარმართული რელიგიაა. ყველა ვიკკანს განსხვავებული რიტუალები, პრაქტიკა და შეხედულებები აქვს, მაგრამ ძირითადად ერთ საწყისს ეთაყვანებიან — მზის ღმერთსა და მთვარის ქალღმერთს. აღნიშნავენ დღესასწაულებს, კითხულობენ შელოცვებს და სხვადასხვა ინგრედიენტების საშუალებით ატარებენ რიტუალებს.

რა არის ვიკკა?
ვიკკა ქრისტიანობამდე არსებული ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მას კავშირი აქვს უძველეს საწყისებთან. მასში შეგიძლია გაწევრიანდე ინდივიდუალურად ან შეუერთდე ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ქოვენი ეწოდება.
ღმერთი და ქალღმერთი
ვიკკაში დიდ როლს თამაშობს დუალიზმი — ქალღმერთი და ღმერთი არიან თანასწორები და ავსებენ ერთმანეთს (ახლოს არის დაოსიზმის ინის და იანის იდეასთან).
ღმერთის მამაკაცურ საწყისს ხშირად მზესთან აიგივებენ, ქალღმერთისას კი — მთვარესთან. ვიკკაში არ აქვთ ღმერთისა და ქალღმერთის სახე ან კერპები, მაგრამ ტრადიციულად მამაკაცური საწყისის ღმერთი აღქმულია ე.წ რქიანი ღმერთის სახით. მისი თვისებებია: სექსუალურობა, აგრესია, რისხვა, ბუნებისადმი ლტოლვა. როგორც წესი მისი სახელია: კარნუნოსი, პანი, ატო და კარნინა. ევროპულ კულტურაში რქიანი ღმერთი სხვადასხვა ფორმითა და ხასიათით გვხვდება — როგორც მწვანე ადამიანი, მზის ღმერთი და მუხის მეფე.
ქალღმერთს აქვს სამი სახე და გვევლინება, როგორც ქალიშვილი, დედა და მოხუცი, რაც დაკავშირებულია მთვარის სამ ფაზასთან. როგორც წესი ქალღმერთი არის პირველსაწყისი, რომლისგანაც წარმოიშვა კაცი ღმერთი და ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს. ზოგიერთი ვიკკანი მხოლოდ ქალღმერთს აღიარებს და ეთაყვანება ქალურ საწყისს.
ვიკკაში არსებობენ ღვთაებები, რომლებსაც სხვადასხვა სეზონზე და დღესასწაულებზე ეთაყვანებიან.
ვიკკა ძალიან მრავალფეროვანი რელიგიაა და ყველა წევრი თავისებურად აღიქვამს ღმერთებსა და ტრადიციებს. ის აერთიანებს ათეისტებს, პანთეისტებს, პოლითეისტებს. რიტუალები ხშირად მოიცავს დღესასწაულებს, რომლებიც მთვარის ფაზებთან არის დაკავშირებული; ბუნიაობა; მზისა და მთვარის დაბნელება; სტიქიების თაყვანისცემა და ცერემონიალური მაგია.
მორალი
«გააკეთე ყველაფერი, რაც გსურს, თუ ეს არ ავნებს სხვას». ხშირად ეს აღიქმება, როგორც თავისუფალი ნების გამოვლენა, საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვებისთვის ზიანის მიყენების მინიმუმამდე დაყვანა. მორალის სხვა ნაწილში მოქმედებს დაბრუნების კანონი, რომელიც შემდეგნაირად არის გაგებული: ყველაფერი, სიკეთე ან ბოროტება, რასაც სხვას გაუკეთებ უკან დაგიბრუნდა (ძალიან ჰგავს აღმოსავლურ იდეას კარმის შესახებ).
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ახალი სიცოცხლის შესახებ რწმენა ყველა ქოვენში განსხვავებულად არის მიღებული, თუმცა ტრადიციულად ითვლება, რომ ვიკკანებს რეინკარნაციის უნდა სჯეროდეთ. ზოგიერთის რწმენით არსებობს სული, რომელიც უნდა განვითარდეს და ამისთვის ის რამდენჯერმე იბადება განსხვავებულ სხეულში. ვინც თვლის, რომ რეინკარნაცია არსებობს, სჯერათ, რომ არსებობს «მოსაცდელი ადგილი’’, სადაც მომდევნო ინკარნაციამდე სული გარკვეულ დროს ატარებს. ეს პროცესი აღწერილია ჯერალდ გარდნერის წიგნში (ვიკკას დამაარსებელი) «ქალღმერთის ექსტაზი». ზოგიერთ ვიკკანს სჯერა, რომ გარდაცვლილ სულებთან კონტაქტი შესაძლებელია, ხოლო სხვები მსგავს პრაქტიკას ეწინაარმდეგებიან და სპირიტუალურ სეანსებს არასოდეს მიმართავენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიკკა მრავალფეროვანი რელიგიაა და ყველა მის წევრს განსხვავებული შეხედულება გააჩნია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებით.
მაგია და ჯადოქრობა
ვიკკანების უმეტესობას სჯერა მაგიის და ხშირად მიმართავენ სხვადასხვა რიტუალებს, შელოცვებს და იყენებენ მათ მიერ აღიარებულ დღესასწაულებზე. ვიკკას მთავარი პრინციპი ბედნიერებისა და ჰარმონიის მოპოვებაა, ამიტომაც მაგიას იყენებენ სამკურნალოდ, ნეგატივის მოსაშორებლად, ბოროტებასთან ბრძოლისთვის. ზოგისთვის მაგიას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
მაგიის პრაქტიკისთვის, შელოცვის წასაკითხად ან დღესასწაულის აღსანიშნავად იყენებენ სხვადასხვა რიტუალებს. ტიპიური რიტუალი სრულდება მაგიურ წრეში, სადაც იძახებენ «მფარველებს», წარმოთქვამენ შელოცვებს, ეთაყვანებიან ღმერთებს.
როგორც წესი წრეში განთავსებულია საკურთხეველი, სადაც მაგიურ ინსტრუმენტებს ათავსებენ: პენტაკლი, თასი, კვერთხი, სანთლები, მცენარეები და ა.შ. რიტუალის დასრულების შემდეგ მადლობას უხდიან ღვთაებებს და მფარველებს.
ყველაზე უჩვეულო პრაქტიკა, განსაკუთრებით გარდნერის სწავლებით, არის რიტუალის შიშველ მდგომარეობაში შესრულება, ზოგი მას «ციურ სამოსად» მოიხსენიებს, ეს არის ძველი იტალური ტრადიციიდან წარმოშობილი, სადაც ინიცირებული ვიკკანები შიშველ მდგომარეობაში წარმოთქვამენ შელოცვებს და სხვადასხვა მოძრაობებით ასრულებენ რიტუალს.
ქორწინება
ვიკკაში ქორწინების დროს ერთადერთი ფიცი იდება — «ვიყოთ ერთად, სანამ ჩვენ გულებში სიყვარული ცოცხლობს» ქრისტიანობაში კი მის საწინააღმდეგო ფიცს ვხვდებით — «სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს». ვიკკაში მიღებულია გამოსაცდელი ქორწინების პრაქტიკა. წყვილმა უნდა იცხოვროს ერთად ზუსტად ერთი წელი და ერთი დღე, თუ ამ პერიოდის შემდეგ ისინი ისევ გადაწყვეტენ ერთად ყოფნას, შემდეგ შეუძლიათ ქორწინება. უნდა აღინიშნოს, რომ ვიკკაში დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება.

რა არის ვიკკა? ვინ არიან ვიკკანები და რით განსხვავდებიან ჯადოქრებისგან, ეზოთერიკოსებისგან ან წარმართებისგან? როგორ უნდა გაიგო ვიკკას წარმომადგენელი ხარ თუ არა? ამ შეკითხვას ბევრი სვამს: ახალბედებიც, გამოცდილი ვიკკანებიც და მკვლევარებიც. ყველა ეჯახება ერთ პრობლემას – ვიკკას არ აქვს მკაფიო საზღვრები, ზუსტი განმარტება. ყველა თავისებურად აღიქვამს ღვთაებებს, ტრადიციებს, რიტუალებს და ა.შ. თუმცა მაინც შეგვიძლია იმის თქვა, რომ არსებობს გარკვეული პრინციპები, რაც ამ დაყოფილ ჯგუფებს აერთიანებს, როგორც ერთი მიზნისთვის მოძრავ საზოგადოებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ყველა ვიკკანს განსხვავებული რიტუალები, პრაქტიკა და შეხედულებები აქვს, მაგრამ ძირითადად ერთ საწყისს ეთაყვანებიან და ხშირად ხდება მათი შეხედულებების ერთმანეთთან გადაკვეთა.
რწმენის საფუძვლები
1 ვიკკაში აღიარებულია ღვთაებრივი წყვილი – ღმერთი და ქალღმერთი.
2 ვიკკანებს სჯერათ, რომ სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ღმერთებს და ქალღმერთებს საერთო საწყისი აქვთ.
3 ვიკკანები აღნიშნავენ 8 შაბაშს (ან შაბათს), დღესასწაულების ყოველწლიურ ციკლს, რომელსაც “წლის ბორბალი” ჰქვია.
4 ვიკკანებს შეუძლიათ შაბაშის აზრობრივი შინაარსი სათავისოდ შეცვალონ (მაგალითად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ა.შ.).
5 ვიკკანები აღნიშნავენ სავსე მთვარის და ახალი მთვარის დადგომას.
6 რიტუალების შესრულება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
7 ტრადიციულ ბრიტანულ ვიკკაში ქურუმი ქალის მონაწილეობა აუცილებელია.
8 ვიკკაში ორი ძირითადი სიმბოლური ციკლი არსებობს: კაცი ღმერთის სიკვდილი და ხელახლა დაბადება, ქალი ღმერთის დაბერება და გაახალგაზრდავება.
9 ვიკკანებს სჯერათ რეინკარნაციის
10 ვიკკანებისთვის ბუნება წმინდაა და მას არასოდეს უნდა მიაყენონ ზიანი.
11 ვიკკანებს შეუძლიათ ეთაყვანონ ნებისმიერ ღვთაებას ან პლანეტას, აკრძალვები არ არისებობს.
12 ვიკკასთან ერთად სხვა რელიგიის ან სწავლების მიღება შესაძლებელია, თუ ის ხელს არ უშლის ადამიანის სულიერ განვითარებას.
13 ვიკკანების უმეტესობას სჯერათ, რომ სული ადამიანის გარდა სხვა არსებებსაც აქვთ.
ვის შეუძლია გახდეს ვიკკანი
1 ვიკკას მიღება შეუძლია ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, რასისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
2 ვიკკანების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ინიციაციის გავლა აუცილებელი არ არის იმისთვის, რომ ვიკკანად მოიხსენიო თავი.
3 ჯადოქარი შეუძლია გახდეს ყველას, განურჩევლად ფიზიკური, გენეტიკური თუ გონებრივი შეზღუდვისა.
მორალი
1 ვიკკას მთავარი კანონი: «გააკეთე ყველაფერი, რაც გსურს, თუ ეს არ ავნებს სხვას».
2 თავისუფალი ნება წმინდათა წმინდა რამაა.
3 ვიკკანები აცნობიერებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ღირებულია.
4 ვიკკაში არ არის ჩამოყალიბებული და საერთო მოსაზრება სამოთხის და ჯოჯოხეთის შესახებ.
5 სიკეთისა და ბოროტების განსაზღვერბა ყველა ქოვენში ხდება ინდივიდუალურად.
6 მთავარი მკაცრი წესი სექსში: პარტნიორი აუცილებლად უნდა იყოს თანახმა.
7 ვიკკანებს სჯერათ კარმის.
8 ლგბტქ+ კავშირების და ქორწინების შესახებ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ. ქოვენების უმეტესობაში ქორწინება მიღებულია.
9 ვიკკანები ეწინააღმდეგებიან სქესობრივ, რასობრივ თუ სხვა ნიშნით უთანასწორობას და დისკრიმინაციას.
10 ძალადობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ შემთხვევით ან თავდაცვის მიზნით მოხდა.
11 ვიკკანების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.
მაგია
1 ყველას შეუძლია მაგიას დაეუფლოს და გამოიყენოს ის.
2 მიუხედავად იმისა, რომ ჯადოქრობა დაშვებულია და წახალისებულიც კი, ვიკკანი თავად წყვეტს გამოიყენოს თუ არა მაგია.
3 ვიკკანების უმეტესობა რიტუალს “მაგიურ წრეში” ასრულებს. ეს აუცილებელი წესი არ არის.
4 ვიკკანები აღიარებენ მაგიას და ბუნების ძალებს.
5 ვიკკანების საერთო სიმბოლოებია პენტაგრამა და სამსახოვანი მთვარე.
6 ყველა ვიკკანს შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ქოვენი.
7 ინდივიდუალურად მომუშავე ვიკკანი ვალდებული არ არის შეუერთდეს რომელიმე ქოვენს.
8 როგორც წესი, ადამიანმა, ქოვენში გაწევრიანებისთვის საჭიროა გაიაროს გამოცდა და ინიცირების რიტუალი.