როგორ წინა პოსტებში აღვნიშნეთ და განვიხილეთ, ქრისტიანობამ ბევრი წარმართული ტრადიცია “გადააკეთა” და მასში სიახლეები შეიტანა, თუმცა მათ ტრადიციებს იმდენად ღრმად აქვს ფესვები გამდგარი, რომ მათი გაშიფრვა და წარმართულ რელიგიებთან დაკავშირება ძალიან მარტივია.
უკვე მოგიყევით ყველა წმინის დღის და შობის საწყისი დღესასწაულების შესახებ, ამ პოსტში კი ოსტარას დღესასწაულს განვიხილავ.

ოსტარას დღესასწაული გაზაფხულის ბუნიაობას ემთხვევა, როდესაც დღე და ღამე თანაბარდება. უკავშირდება გაზაფხულის მოსვლას და ბუნების აღორძინებას.

ოსტარა (Ostara) ან ეასტრა (Eastre) ძველი გერმანელების ღვთაებაა, მკვლევართა ნაწილი მას ევროპაში ფართოდ გავრცელებულ განთიადის ქალღმერთთან აიგივებს, რომელსაც ყველა კულტურაში ეთაყვანებოდნენ. ოსტარას მოაქვს გაზაფხული, გაყინულ მიწას ათბობს და მკვდარ ბუნებას აცოცხლებს. ამ ქალღმერთს უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ, არსებობს მრავალი სიმბოლო და რიტუალი, რომელთაც ქრისტიანობაშიც შეხვდებით.
ოსტარა ძირითადად ახალგაზრდა ქალის სახით აღიქმება, რომელიც შემკულია ყვავილებითა და ბალახით. ხშირად ბედნიერი და ხალისიანია, მაგრამ მისი ხასიათი გაზაფხულის ამინდს ჰგავს, შეუძლია მოიწყინოს და განწყობა გაუფუჭდეს.

დღესასწაულის დროს ავსებდნენ მდინარის წყალს, სჯეროდათ, რომ მას განწმენდა და ახალი სიცოცხლის მოცემა შეეძლო, ამ წყლით ბანაობდნენ.

ოსტარას მოაქვს ახალი სინათლე, ახალი სიცოცხლე, შესაძლებლობები, აღვიძებს ბუნებას, თბილ ქვეყნებში აბრუნებს ფრინველებსა და ცხოველებს, იძლევა იმედს და ადამიანებს უჩვენებს, რომ სიცოცხლე გრძელდება.

ოსტარას დღესასწაულის აღნიშვნის პერიოდს შემდგომში აღდგომა დაემთხვა.
სხვადასხვა დროში ძალიან ბევრი მკვლევარი დაინტერესდა ამ თემით და ეცადა ერთმანეთთან დაეკავშირებინა ხალხში გავრცელებული სააღდგომო რიტუალები, ქრისტიანობამდე არსებულ ოსტარას ტრადიციებთან. ხშირად ამტკიცებენ, რომ კვერცხის შეღებვის წესი წარმართული წარმოშობისაა და ოსტარას კულტს უკავშირდება, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ტრადიცია ქრისტიანებში ჯერ კიდევ მესოპოტამიაში არსებობდა. ოსტართან კავშირდება აღდგომის კურდღელიც. ეთნოგრაფი ჩარლზ ჯი ბილსონი თავის ნაშრომშო წერს: “ნამდვილად ჰყავდათ თუ არა ბრიტანელებს ქალღმერთი ეოსტრა და რა როლს ასრულება კურდღელი მის კულტში – არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არსებობს მყარი მტკიცებულება ვივარაუდოთ, რომ ამ ცხოველისადმი საკრალური მნიშვნელობის მინიჭება ღრმად არის ფესვგამდგარი წარმართულ ტრადიციებში და ის რაღაც მხრივ დაკავშირებულია დიდ საგაზაფხულო დღესასწაულებთან”. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კურდღელი ეოსტრის წმინდა ცხოველია, როგორც მაგალითად კატა ფრეიასთვის.

როგორც იცით ქრისტიანულ ტრადიციაში კურდღელი აღდგომის სიმბოლოდ აღიქმება.
კელტურ ტრადიციებში კურდღელი წმინდა ცხოველია, რომელიც ქალღმერთ ოსტარას ეკუთვნის. კურდღელი კვდება ყოველ დილით და ცოცხლდება საღამოს, მთვარის გამოჩენისთანავე. ის კვდება, რომ თავიდან დაიბადოს და შევსოს ახალი ენერგიით. წარმართებში კურდღელი უკვდავების სიმბოლო იყო.

წარმართულ ტრადიციებში კვერცხს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეჭირა. ის დედამიწისა და მთელი სამყაროს სიმბოლოა. ის აბალანსებს კაცსა და ქალს, ბნელსა და ნათელს, შინაგან და ფიზიკურ სამყაროს. კვერცხი იდეალურად გამოხატავს გაზაფხულის ბუნიაობას და არის ოსტარას ერთ-ერთი სიმბოლო. კვერცხის შეღებვის ტრადიციას ქრისტიანობაშიც შეხვდებით.

ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი

კომენტარი