სამაინი – კელტური დღესასწაულია, რომელიც მოსავლის აღების დასრულებას უკავშირდება. მოგვიანებით, ეს თარიღი დაემთხვა ყველა წმინდანის ხსენების დღეს, რომელმაც გავლენა იქონია ჰელოუინზე. სამაინი ამ დღესასწაულების საწყისია.
კელტური კალენდარი იყოფოდა ორ ნაწილად: ბნელი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში იწყებოდა (სამონიოსი) და ნათელი ნაწილი – იწყებოდა მარტის ბოლოს – აპრილში (გიამონიუსი). კელტები ბნელი პერიოდის დაწყებასთან ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის მოსვლასაც.
ბნელი ნაწილის დასასრულს და ნათელის დასაწყისს გაზაფხულობით აღნიშნავდნენ.

წარმართული დღესასწაული, ყველა უძველესი ტრადიციის დაცვით ქრისტიანობის მიღების შემდეგაც აღინიშნებოდა. თავდაპირველად დღესასწაულს, მოსავლის აღების დასრულების აღსანიშნავად ატარებდნენ, ასევე ბოროტი ძალების განდევნისთვის. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ მოიკიდა ფეხი, დღესასწაული მხოლოდ სიბნელესთან და გარდაცვლილებთან ასოცირებული გახდა და შემდეგში აღინიშნებოდა როგორც ყველა წმინდანის ხსენების დღე. სამაინი ჩანაცვლდა ყველა წმინდანთა დღით, გაელური ტრადიციებისა და ქრისტიანული ინტერპრეტაციის წყალობით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე დღესასწაულს – ჰელოუინს. ყველასათვის საყვარელი დღესასწაულის – ჰელოუინის ფესვები სწორედ სამაინიდან მოდის.
სამაინი აღნიშნავდა ახალი პერიოდის დასაწყისს და მას საზეიმოდ აღნიშნავდნენ.
ირლანდიაში და შოტლანდიაში მას “მკვდართა დღესასწაულს” უწოდებდნენ: ითვლებოდა, რომ იმ ღამით კვდებოდნენ ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს თავიანთი გეასი. დღესასწაული იწყებოდა 31 ოქტომბრის ღამეს და გრძელდებოდა 1 ნოემბრამდე, ეს იყო მოსავლის აღების ბოლო დღე.
სამაინზე იყოფდნენ მოსავალს, ანთებდნენ კოცონს, ამზადებდნენ სადილს, დრუიდები განსაზღვრავდნენ მომავალს. კოცონზე ხტებოდნენ ადამიანები (ჭიაკოკონობის ტრადიციას მოგაგონებთ) და ამ ფორმით იშორებდნენ ნეგატივს. ისხდნენ კოცონთან, საუბრობდნენ და აწყობდნენ გეგმებს.
კელტებს სჯეროდათ, რომ სამაინის დროს სამყაროებს შორის ბარიერი იხსნებოდა და ბოროტი ძალებისგან თავის დასაცავად სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ. თვლიდნენ, რომ ფერიებს და სიდჰებს შეეძლოთ მათი ახლობლების მოტაცება, ამიტომაც ცხოველების ფორმებში იმოსებოდნენ, სჯეროდათ, რომ საშიშ ფორმებს შეეძლოთ მათი განდევნა. არსებობდა უამრავი ისტორია, ამ დღეს სანადიროდ გამოდიოდნენ ზებუნებრივი არსებები და ყველა ოჯახს თავისებურად უნდა დაეცვა თავი.
ასევე გირჩევთ: წლის ბორბალი




კომენტარი